მადრიდის რეალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მილიონ ევროს გადარიცხავს

ესპანური საფეხბურთო კლუბი, მადრიდის რეალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მილიონ ევროს გადარიცხავს. გუნდი შესაბამისი საჭიროებების მქონე უკრაინის მოქალაქეებს თანხას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მიაწვდის, რომლებიც კონფლიქტის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარებიან.

გუნდმა ორგანიზაციებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის სპორტული ეკიპირებებიც გადასცა. კლუბის განცხადებით, ისინი Real Madrid Foundation-ის ფარგლებში, ომისგან დაზარალებულ პირებს კიდევ სხვადასხვა სახითაც დაეხმარებიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები