მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს გაყალბებას და მცდარ ინტერპრეტირებას

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტის განმარტებით, "სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს გაყალბებასა და მცდარ ინტერპრეტაციას". მისი თქმით, სინამდვილეში თავად მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ დროებით არ წარადგენდა სარჩელს. 

"მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში". - წერს სააკაშვილი Facebook გვერდზე. 

დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 29 დეკემბერს, ღამით სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

კომენტარები