რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: აშშ ვერ ადასტურებს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ ვერ ადასტურებს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას, თუმცა აღნიშნავს, რომ "სარწმუნო ინფორმაცია ჰქონდათ რუსეთის ძალების მიერ მასობრივი არეულობის შეკავების საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ".

"ეს მოიცავს ქიმიურ აგენტებთან შერეულ ცრემლსადენ გაზს, რომლებიც უფრო ძლიერ სიმპტომებს იწვევს, რათა შეასუსტონ და გაანადგურონ უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა მარიუპოლის დაპყრობის აგრესიულ მოქმედებების დროს. ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, თუ რა მოხდა რეალურად". – თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ აშშ შეშფოთებას ომის დაწყებიდანვე გამოთქვამდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ასევე 12 აპრილს თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად აღჭურვილობა მიაწოდა. აშშ-მ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინას ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოძიებაში ჩაერთოს.

აზოვის პოლკის უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გაუშვეს და იერიში მიიტანეს ქარხანა აზოვსტალზე. აზოვის სამხედროების ცნობით, თავდასხმის შემდეგ იყვნენ დაზარალებულებიც, რომელთაც აწუხებდათ სუნთქვის უკმარისობა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ ახსენეს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებით, შესაძლოა, ამზადებდეს ოპერაციას ცრუ დროშის ქვეშ, რასაც შემდეგში უკრაინას დააბრალებდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები