კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო ნაკრებები სხვადასხვა ტურნირებიდან მოკვეთა. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი გახდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერაციამ 1 მარტს მიიღო, 25 მარტს კი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საბჭომ დაამტკიცა. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთის ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. შეზღუდვა ეხება 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებსაც. აგრეთვე, ტურნირებიდან მოიკვეთა ყველა რუსი ოფიციალური პირიც.
18 მაისს კი FIBA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის საკალთბურთო ნაკრებების მომდევნო თვეებში FIBA-ს ეგიდით გასამართი ტურნირებიდან მოკვეთა დაადასტურა.
- გადაწყვეტილების თანახმად, საპირისპირო განცხადების გავრცელებამდე FIBA-ს არცერთი ტურნირის არცერთი მატჩი არ გაიმართება რუსეთსა და ბელარუსში.
- რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მოიკვეთებიან FIBA-ს ეგიდით გასამართი სხვადასხვა ტურნირებიდან
კერძოდ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან, 2022 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატიდან, 2022 წლის 17-წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატიდან და ასევე 3×3 ფორმატით დაგეგმილი სხვასასხვა საკალათბურთო შეჯიბრებებიდან.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებამდე, FIBA-მ რუსეთის ნაკრები 2022 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატიდანაც მოკვეთა.