რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია ადგილობრივ Gazprom Germania-ს გადახდისუნარიანობისთვის €10 მილიარდს გამოუყოფს

გერმანიის მთავრობის ცნობით, რუსული ენერგოგიგანტის გაზპრომის ადგილობრივ ფილიალს, Gazprom Germania-ს გადახდისუუნარობის შესაჩერებლად სახელმწიფოსგან 10 მილიარდი ევრო გამოეყოფა. 

რუსული ენერგოგიგანტის შვილობილი კომპანია რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაზპრომისგან დამოუკიდებელი დროებითი ადმინისტრაციის ქვეშ გადავიდა. გერმანიის მთავრობის ცნობით, ისინი დამოუკიდებელი ადმინისტრაციის არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ. 

გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, კომპანიას Securing Energy for Europe GmbH დაერქმევა, რომელსაც სახელმწიფო განვითარების ბანკი, KfW დააფინანსებს. 

"მსგავსი მიდგომით, გერმანიის მთავრობა შეინარჩუნებს კონტროლს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოებაზე". - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ასევე, 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ენერგოგიგანტის გაზპრომის მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია გერმანიისთვის Nord Stream-ის გაზსადენის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას 40%-ზე მეტით ამცირებს. 

კომპანიის განცხადებით, მათ დღეში ჩვეულებრივი მოცულობის, 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება შეუძლიათ.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც "არამეგობრულ ქვეყნები" რუსული გაზის შეძენას მხოლოდ რუბლში შეძლებენ. კანონი ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები