შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

NAEC: გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

მათი თქმით, აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები ამაყი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. შემდეგ კი მოცემული იყო ტექსტის ანალიზისთვის მითითება: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.

როგორც უწყება აღნიშნავს, მედიასაშუალებების ნაწილმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა გაავრცელა და ამას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

ცენტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ აბიტურიანტთა ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია საკითხის პოლიტიზება და მათი მიზანი, აბიტურიენტებისთვის ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობის მიცემაა.

ამავდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოს მისი შეფასებისგან. ამ დღის დადგომამდე კი უწყება დაინტერესებულ მოქალაქეებს ურჩევს, თავად გაეცნონ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს.

კომენტარები