დიდი ბრიტანეთი

როგორ შეირჩევა ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე?

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ჯონსონის თქმით, ახლა ცხადია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ მათ ახალი ლიდერი და შესაბამისად ახალი პრემიერმინისტრიც სურთ. მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის ვადები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.

როგორია ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესი?

თავდაპირველად, კანდიდატს ხმა დეპუტატებმა, შემდეგ კი პარტიის წევრებმა უნდა მისცენ. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი 8 კოლეგამ უნდა წარადგინოს.

მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატი გამოცხადდება, არჩევნები იწყება. კენჭისყრა რამდენიმე ტურად მიმდინარეობს. იქამდე, სანამ ბოლო ეტაპზე მხოლოდ ორი კანდიდატი არ დარჩება.

პირველ ტურში, კანდიდატებმა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ხმების 5% უნდა მიიღონ, რაც 18 ხმას შეადგენს. 

მეორე ტურში, მათ ხმების 10% უნდა დააგროვონ, რაც 36 დეპუტატის მხარდაჭერას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური ზღვრის გადალახვას ყველა მათგანი შეძლებს, კენჭისყრას ყველაზე ნაკლები ხმის მქონე კანდიდატები გამოეთიშებიან.

ორი კანდიდატის დარჩენის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა დადგენილ ვადამდე უნდა მიიღონ.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის არჩევის წესი

რამდენ ხანს გრძელდება არჩევის პროცესი?

არჩევნებს შესაძლოა 6 კვირა, ზოგჯერ მეტიც დასჭირდეს. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კანდიდატი იღებს მონაწილეობას არჩევნებში. 2019 წელს კენჭი 10-მა კანდიდატმა იყარა და საბოლოო ორი კანდიდატის გამოვლენამდე, არჩევნების 6 ტური ჩატარდა.

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ამ თანამდებობაზე ახალი ლიდერის დანიშვნამდე დარჩება. გაურკვეველია ის, მისცემს თუ არა ჯონსონს მისი პარტია ამდენი ხნით დარჩენის საშუალებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ლიდერის არჩევამდე, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლოა ვიცეპრემიერი, დომინიკ რააბი დაინიშნოს.

კომენტარები