აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

სასამართლომ აჭარის საზმაუს საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისულება უკანონოდ ცნო და საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 000-ლარიანი კომპენსაცია და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2 500 ლარის გადახდა დააკისრა. 

"შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა". - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

შორენა ღლონტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა - სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, უკანონოდ ცნო ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კომენტარები