ტრაგედია გუდაურში

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაიღუპა ტურისტი, რომლის ამოსაყვანადაც მაშველები მიდიოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.  

"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, ჩვენთვის ძალიან მძიმეა, მით უმეტეს, პირველ რიგში, ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. ჯერჯერობით, მეტი არაფერი არ ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე პასუხი გვეცოდინება. 

სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულია 1 ადამიანი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს, გადაჰყავთ სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს". - თქვა გომელაურმა. 

დღეს, 29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ფეთქდება ვერტმფრენი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები