მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს, აღარ აინტერესებს

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

"მოდი, პირდაპირ ვთქვათ, სააკაშვილი ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს ქართული პოლიტიკის მიმართ არ გააჩნია" - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას თავადაც გააკეთებს.

"პოლიტიკით ინტერესდება - უსმენს ფრანგულ რადიოს, უყურებს უკრაინულ არხებს, პოლიტიკით ინტერესდება, ოღონდ მთლიანად არის გადართული უკრაინულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე. მაგალითად, გია კობახიძეზე რომ გამოითქვა რაღაც აგენტი, ძალიან შეწუხებული იყო და თქვა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელი რაღაცაა და ამას გაუსვა ხაზი, მაგრამ იმის იქეთ აღარ წავიდა" - ამბობს ხაჭაპურიძე.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის და ნიკა მელიას განცხადებების შესახებ მან შეატყობინა.

"შეიძლება, ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მე შევედი და მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონია, აი, საერთოდ. გამიკვირდა კიდეც. იგივე ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით... არაფერსაც არ ფიქრობს, საერთოდ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენჯერმე ჩავეკითხე და თქვა, რომ ნუ, არ მაინტერესებსო. საერთოდ, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო, ამბობს. ჩემს თავს მე ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო, ასეთი განცხადება გააკეთა. ჩემთან საუბარში ამბობს - ქართული პოლიტიკიდან წასული ვარო" - აღნიშნავს ადვოკატი.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, "ალბათ ნაწყენია თანაგუნდელებზე", შალვა ხაჭაპურიძე ამბობს - "მაგაზე ალბათ უკვე თვითონ გააკეთებს განცხადებას, ველოდები, რომ გააკეთებს ამ განცხადებას". 

გადაცემის წამყვანმა ადვოკატს ჰკითხა, ეს შესაძლებელია, გახდეს ხელისუფლებისთვის მოტივატორი, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს? ამაზე შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს, რომ "ასეთ სიტუაციაში ძალიან ბევრი შემთხვევაა პოლიტიკურ ისტორიაში, როცა სახელმწიფო უკვე დგამს ჰუმანურ ნანიჯებს და ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, როდესაც მათ მიმართ იდგმება ასეთი ტიპის ნაბიჯები".

ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლის გადახედვაზე თავდაპირველად ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ისაუბრა. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ მამამისის ჯანმრთელობის საკითხის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს. ედუარდ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, მგონი, თვითონაც ხვდება". მისივე თქმით, "ვამჩნევ, რომ ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი".

ამის შემდეგ, ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან". გიული ალასანიამ კი ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა "როგორც ჩანს რეალურია, რადგან როცა რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდათ, ალბათ ასეა".

კომენტარები