სალმან რუშდი

რუშდის აგენტი: სალმანი, სავარაუდოდ, ერთ თვალს დაკარგავს, აღენიშნება შინაგანი დაზიანებებიც

სალმან რუშდი

მწერალ სალმან რუშდის წიგნის აგენტის, ენდრიუ უაილის თქმით, რუშდი 12 აგვისტოს მომხდარი თავდასხმის გამო სავარაუდოდ თვალს დაკარგავს. ასევე, მწერალს აღენიშნება შინაგანი დაზიანებები.

"კარგი სიახლეები არ გვაქვს. სალმანი, სავარაუდოდ, ერთ თვალს დაკარგავს, მას ასევე გაწყვეტილი აქვს მკლავის ნერვი, ღვიძლი კი დაჭრილი და დაზიანებული". - წერს ენდრიუ უაილი, რუშდის წიგნის აგენტი.

რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, რუშდი მექანიკური ვენტილაციის აპარატზე იმყოფებოდა, რის გამოც მას საუბარი შეზღუდული ჰქონდა. საერთაშორისო საზოგადოებამ რუშდიზე თავდასხმა დაგმო. მათი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ტოლფასია.

მწერალ სალმან რუშდის ნიუ იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს

75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ. 

რუშდი, რომელიც მუმბაიში, მუსლიმთა ოჯახში დაიბადა, მისი მეოთხე რომანისთვის "სატანური სურები" ქვეყნიდან გააძევეს. რომანი 1988 წელს, გამოქვეყნებისთანავე აიკრძალა მრავალ, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში. 

გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ, აიათოლა ხომეინმა, იმჟამინდელმა ირანის უზენაესმა ლიდერმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოაცხადა. ფატვა რელიგიური განკარგულებაა, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა.

რუშდი, რომელმაც თავის რომანს "საკმაოდ მსუბუქი" უწოდა, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა. მეტიც, 1991 წელს რუშდის რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში მოკლეს. მოგვიანებით, 1998 წელს ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდნენ.

ირანულმა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ზოგიერთი მთავრობასთანაა კავშირში, რუშდის მკვლელობისთვის მილიონობით დოლარის ჯილდო დააწესეს. ხოლო, 2017 წელს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რუშდის წინააღმდეგ ფატვა კვლავ ძალაშია.

 

კომენტარები