სალმან რუშდი

"დამნაშავე ის და მისი მხარდამჭერებია" – ირანი რუშდის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

სალმან რუშდი

ირანმა დღეს, 15 აგვისტოს მწერლის, სალმან რუშდის თავდასხმასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაავრცელა: თეირანის უარყოფს რუშდის თავდასხმაში მონაწილეობას.

თუმცა, ირანი ასევე უარყოდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, დისიდენტების წინააღმდეგ ქვეყნის მიღმა სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი სამთავრობო უწყებები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. 

"აშშ-ში სალმან რუშდის თავდასხმის ინციდენტში არავინაა დამნაშავე, გარდა რუშდის და მისი მხარდაჭერებისა". - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასარ კანანმა. 

მწერალ სალმან რუშდის თავს 12 აგვისტოს ნიუ-იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

რუშდის დაჭრაში ეჭვმიტანილ კაცს ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს. 24 წლის ჰადი მატარს ბრალად ედება რუშდის სახეზე, კისერსა და მუცელში დანით, სულ მცირე, 10 ჭრილობის მიყენება.

გუშინ, 14 აგვისტოს მწერალისალმან რუშდი თავდასხმისა და დაჭრის შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მისი აგენტის ცნობით, რუშდიმ უკვე საუბარიც შეძლო.

  • რუშდის მეოთხე რომანი, "სატანური სურები" გამოსვლისთანავე ძირითადად მუსლიმურ ქვეყნებში აიკრძალა

რუშდი, რომელიც მუმბაიში, მუსლიმთა ოჯახში დაიბადა, მისი მეოთხე რომანისთვის "სატანური სურები" ქვეყნიდან გააძევეს. რომანი 1988 წელს, გამოქვეყნებისთანავე აიკრძალა მრავალ, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში. 

  • გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, ირანმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოსცა

გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ აიათოლა ხომეინმა, იმჟამინდელმა ირანის უზენაესმა ლიდერმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოსცა. ფატვა რელიგიური განკარგულებაა, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა.

რუშდი, რომელმაც თავის რომანს "საკმაოდ მსუბუქი" უწოდა, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა. 1991 წელს რუშდის რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში მოკლეს. მოგვიანებით, 1998 წელს ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდნენ.

ირანულმა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ზოგიერთი მთავრობასთანაა კავშირში, რუშდის მკვლელობისთვის მილიონობით დოლარის ჯილდო დააწესეს. ხოლო, 2017 წელს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რუშდის წინააღმდეგ ფატვა კვლავ ძალაშია.

კომენტარები