ბესლანის ტრაგედია

ჩავარდნილი სპეცოპერაცია – ბესლანის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

რუსეთის სპეცრაზმი ბესლანის ტერაქტის სპეცოპერაციის დროს
Yuri Tutov/Agence France-Presse/Getty Images

18 წელი გავიდა იქედან, რაც რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანის დასახლებაში 2004 წლის 1-ელ სექტემბერს, სასწავლო სემესტრის დაწყების დღეს შეიარაღებული პირები N1 სკოლაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

ჩეჩენი ტერორისტები პატარა დაჯგუფების, რიაიდ-უს სალიჰინის წევრები იყვნენ. ამ ჯგუფს შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა, რომელიც თავდასხმის დროს ბესლანში არ ყოფილა.

32-მა ტერორისტმა სკოლის შენობაში მძევლად 1100-ზე მეტი ადამიანი აიყვანა, მათ შორის უამრავი ბავშვი, თუმცა თავდაპირველად რუსეთის მთავრობა მათ ზუსტ რიცხვს მალავდა და აცხადებნენ, რომ შეიარაღებული პირების ტყვეობაში მხოლოდ 354 ადამიანი იყო. ტერაქტს დაახლოებით 330-ზე მეტი მძევლის, მათ შორის 186 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 32 ტერორისტიდან გადარჩა მხოლოდ ერთი, რომელსაც შემდეგში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

კრიზისი, ფაქტობრივად, 3 დღე გაგრძელდა, 1-ელი სექტემბრიდან, 3 სექტემბრამდე. 

მთელი ამ დროის განმავლობაში მძევლები საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ. ამ პერიოდში ტერორისტებმა რამდენიმე მათგანი მოკლეს კიდეც. 

კრიზისის მეორე დღეს, შეიარაღებულმა პირებმა ინგუშეთის ექსპრეზიდენტს, რუსლან აუშევს სკოლაში შესვლის ნება დართეს, რათა 11 ორსული ქალი და 15 ახალშობილი გამოეყვანა. ტერორისტებმა აუშევს კასეტა და წერილი, რომელშიც შამილ ბასაევის მოთხოვნები ეწერა. თუმცა, რუსეთის მთავრობა აცხადებდა, რომ ტერორისტებს მოთხოვნები არ ჰქონდათ. მათივე თქმით, ტერორისტების კასეტა ცარიელი იყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ რუსულ ტელევიზიებში კასეტიდან ჩანაწერის ნაწილები გაუშვეს.

სიცრუე იყო ისიც, რომ ტერორისტებს მოთხოვნები არ ჰქონდათ. ბასაევი ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანასა და ჩეჩნეთის აღიარებას ითხოვდა. 

მოვლენების პარალელურად, ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან მასხადოვს დაუკავშირდნენ. მათი თქმით, მასხადოვი მზად იყო რუსეთში ჩამოფრენილიყო და ტეროსიტებთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, იმ შემთხვევაში, თუ მას რუსეთი სკოლამდე დაკავების გარეშე მიუშვებდა. თუმცა, ამ შეთანხმებიდან 1 საათის შემდეგ რუსმა სამხედროებმა სკოლის შენობაზე იერიში დაიწყეს. 

იერიშის დროს რუსეთმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რუსეთის არმია, შინაგანი ჯარები და სპეცრაზმი 32 ტერორისტის წინააღმდეგ იყენებდა მძიმე შეირაღებას, ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ყუმბარმტყორცნებს, თერმობარულ რაკეტებს.

სპორტის დარბაზში, სადაც მძევლები იყვნენ, თვითმკვლელი ტერორისტი აფეთქდა, რის შემდეგაც დარჩენილი მძევლები სკოლის ბუფეტის ნაწილში გადაიყვანეს, სადაც მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ და ფანჯრებთან აყენებდნენ. მოწმეების თქმით, ბევრი მძევალი რუსი სამხედროების სროლის შედეგად მოკვდა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთმა ბესლანის სკოლის ალყის დროს ვერ შეძლო მძევლების დაცვა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსმა მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, რომ თავდასხმა გარდაუვალო იყო, თუმცა არ იმოქმედეს. გადაწყვეტილება აკრიტიკებდა მძიმე შეიარაღების გამოყენებასაც და ნათქვამი იყო, რომ ამან როლი ითამაშა მსხვერპლის რაოდენობის გაზრდაში. ასევე გაკრიტიკებული იყო რუსეთის მიერ საქმის გამოძიება. გადაწყვეტილების მიხედვით, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, სამხედროების მიერ მსგავსი ძალის გამოყენება იყო თუ არა აუცილებელი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის რუსეთს 2.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. რუსულმა მხარემ გადაწყვეტილებას "მიუღებელი" უწოდა. 

რუსეთის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ გაუსამართლებიათ მძევლების სიკვდილის პასუხისმგებლობით. გაასამართლეს მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცველი.

გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მაღალჩინოსნებმა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არასწორად მოახდინეს მძევლების კრიზისზე რეაგირება, უგულებელყვეს დაზვერვის ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ იგეგმებოდა.

კომენტარები