ე.წ. მოსმენების კანონი

ქადაგიშვილი: აშშ-ს საელჩოს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ცოტა კორექტული ფორმულირებაა საჭირო

ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ს საელჩოს უფრო მეტი კორექტული ფორმულირებისკენ მოუწოდა. საელჩომ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას უფრო აშორებს.

"აშშ-ს საელჩოს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ, სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო. მოქალაქეების კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღოო - დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას ეხება. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი [...] არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკურად ანგაჟირებული შეტევის მცდელობა". - განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ს საელჩო საქართველოში წერს, რომ ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული გამიზნულად მოსმენის შესახებ კანონი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებსა და ვენეციის კომისიის დასკვნას ეწინააღმდეგება და მთავრობას უზრდის შესაძლებლობას, რომ საკუთარი მოქალაქეები გააკონტროლოს. საელჩოს ცნობით, ეს ქმედება საქართველოს ევროპასთან დაახლოების ნაცვლად, მისგან აშორებს.

27 აგვისტოს გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას

მოსაზრების მიხედვით, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა.

მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა. თუმცა, 6 სექტემბერს პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-დან 22 ოქტომბრამდე.

 

კომენტარები