მობილიზაცია რუსეთში

რუსული მედია: მობილიზაციის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი უსახლკარო კაცებია

რუსეთის არმიის პროპაგანდისტული პოსტერი სანქტ-პეტერბურგში
Olga Maltseva/Agence France-Presse - Getty Images

რუსული დამოუკიდებელი მედიის, Mediazona-ს ინფორმაციით, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი უსახლკარო კაცებია. მედიის მიხედვით, მოსკოვში უშიშროების ოფიცრებს მამაკაცები აჰყავთ უსახლკაროთა საქველმოქმედო ცენტრებიდან და ასევე ჰოსტელებიდან, სადაც შრომითი მიგრანტები ცხოვრობენ.

საქველმოქმედო ჯგუფმა, საკვები და არა ბომბები, რომელიც მოსკოვის უსახლკაროებს საკვებს ურიგებს, მედიაზონას შეატყობინა, რომ ნახეს ათობით უსახლკარო მამაკაცი, რომლებიც პირდაპირ ქუჩიდან წაიყვანეს სამხედრო გაწვევის პუნქტებში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

"60 წლის კაცი წაიყვანეს, შემდეგ გაათავისუფლეს და დაბრუნდა. მან მითხრა, რომ ისინი სამხედრო კომისარიატში წაიყვანეს, სადაც დიდი რიგი იყო ადამაინების, ვინც გაიწვიეს. მას უთხრეს, რომ ის არ აკმაყოფილებდა ასაკის კრიტერიუმს, რადგან მათ მხოლოდ 45 წლამდე კაცები მიჰყავთ". – თქვა საქველმოქმედო ჯგუფის წარმომადგენელმა Mediazona-სთან. 

21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

კომენტარები