აშშ-უკრაინა

WSJ: სამხრეთ კორეა აშშ-ს 100 000 ჭურვს მიჰყიდის, რომელთაც ვაშინგტონი უკრაინას გადასცემს

უკრაინის საარტილერიო ბრიგადის წევრები ჭურვებს ამზადებენ, 2022 წლის ივლისი.
The Wall Street Journal/Joseph Sywenkyj

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა აშშ-ს, კონფიდენციალური შეთანხმებით, პირველად მიჰყიდის ისეთ შეიარაღებას, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იქნება განკუთვნილი. 

WSJ-სთან აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შეთანხმების მიხედვით, აშშ სამხრეთ კორეისგან იყიდის 155მმ-იან 100 000 ჭურვს, რომელთაც ვაშინგტონი უკრაინას გადასცემს, რაც მათ ძალებს ინტენსიურ ბრძოლებში რამდენიმე კვირა მაინც ეყოფათ.

WSJ ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების აშშ-ს შუამავლობით გაფორმება სეულს აძლევს საშუალებას, შეასრულოს საკუთარი საჯარო პირობა, რომ უკრაინაში ლეტალურ იარაღს არ გაგზავნის, პარალელურად კი დაეხმარება ვაშინგტონს, საკუთარ უახლოეს მოკავშირეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შეკავებაში ეხმარება.

ამას გარდა, WSJ აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის მიერ მიწოდებული შეიარაღებით აშშ-ს შეეძლება, რომ დახმარება საკუთარი საარტილერიო მარაგებიდან აღარ გამოყოს, გამოცემის წყაროების თქმით კი ეს მარაგები მცირდება. აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ს 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მარაგები იმდენად დაეცა, რომ პენტაგონში შფოთის მიზეზი გახდა და სიტუაცია ახლა უარესადაა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სთან 155მმ-იანი ჭურვების მარაგების გადაცემაზე საუბრობენ. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გაგზავნაზე უარის პოზიცია უცვლელია.

თუმცა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოლაპარაკებები იმ პირობით ხდება, რომ ჭურვების საბოლოო გამომყენებელი აშშ იქნება.

აქამდე სამხრეთ კორეა უკრაინას ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით, ჩაფხუტებითა და სამედიცინო საშუალებებით დაეხმარა.

კომენტარები