კატარი 2022

"იტალიური ზაფხულიდან" "ჰაია ჰაიამდე" – მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნების ისტორია

BeFunky

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები რჩება. საფეხბურთო ზეიმს ამჯერად კატარი მასპინძლობს. რამდენიმე თვის წინ ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალური საფეხბურთო ჰიმნი, Hayya, Hayya გამოაქვეყნეს. 

საფეხბურთო ჰიმნებს თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოფიციალური საუნდტრეკი პირველად 1990 წელს გამოვიდა. თვალი გადავავლოთ 32 წლის განმავლობაში გამოშვებულ კომპოზიციებს.

1990 – Un’estate italiana

იტალიაში ჩატარებული ჩემპიონატისთვის დაწერილი ჰიმნი Un’estate italiana(იტალიური ზაფხული) დღემდე ფეხბურთის მოყვარულებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. კომპოზიცია იტალიური პოპ მუსიკის ლეგენდას ჯორჯო მოროდერს ეკუთვნის, ხოლო ჰიმნს ედოარდო ბენატო და ჯიანა ნანინი ასრულებენ. 1990 წლის ჩემპიონატისთვის იგივე სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია To Be Number One ჩაიწერა.

1994 – Gloryland

აშშ-ში გამართული ჩემპიონატის ჰიმნი Gloryland დერილ ჰოლსა და მომღერალთა გუნდ Sound of Blackness-ს ეკუთვნის. სხვა საფეხბურთო ჰიმნებისგან განსხვავებით Gloryland შედარებით მშვიდი და მომენტებში სევდიანიც კი არის. 

1998 – La Copa de la Vida(The Cup of Life)

98 წლის ჰიმნმა იმ დროს ნაკლებად ცნობილი პუერტორიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის ვარსკვლავი აანთო. საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი, ფრანგულენოვანი ჰიმნი La Cour des Grands (Do You Mind If I Play) ჰქონდა.

2002 – Boom

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ჩატარებულ ჩემპიონატს ერთდროულად სამი ჰიმნი ჰქონდა(Boom, Let’s Get Together Now, Anthem). 2002 წლის ჩემპიონატის მთავარ საუნდტრეკად მაინც ანასტეიშას Boom ითვლება.


2006 – The Time of Our Lives

2006 წლის ჩემპიონატის მესვეურებმა ალბათ ისტორიაში ყველაზე უცნაური ჰიმნი აირჩიეს. სიმღერა The Time of Our Lives ტონი ბრექსტონმა და საოპერო მომღერლების პოპ ჯგუფმა Il Divo შეასრულა. უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა მეორე, უფრო დინამიურმა ჰიმნმა, ჰერბერტ გრონემეერის Celebrate The Day-მ. 

2010 – Waka Waka

სამხრეთ აფრიკაში გამართული ჩემპიონატი შაკირამ გააფორმა. მარტივი, ატაცებადი მელოდია ალბათ საფეხბურთო სამყაროს გარეთ ყველაზე მეტმა ადამიანმა იცის. ჩემპიონატისთვის კიდევ ორი ოფიციალური სიმღერა Game On, Sign of a Victory გამოვიდა.

2014 – We Are One (Ole Ole)

Waka Waka-ს წარმატების შემდეგ ბრაზილიაში გამართული ჩემპიონატისთვის მსგავსი ჟღერადობის, ლათინო პოპ ვარსკვლავის სიმღერა შეარჩიეს, თუმცა შაკირას წარმატება პიტბულისა და ჯენიფერ ლოპესის We Are One-მა ვერ გაიმეორა.

2018 – Live It Up

რუსეთში ჩატარებულ ჩემპიონატს მრავალი წლის შემდეგ პირველად მხოლოდ ერთი ჰიმნი ჰქონდა. Live It Up ამერიკელმა რეპერმა Nicky jam-მა და უილ სმიტმა შეასრულეს.

არის კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც სამწუხაროდ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი არ იყო, თუმცა, 21-ე საუკუნის მილიონობით გულშემატკივრისთვის Wavin Flag დღემდე საუკეთესო საფეხბურთო სიმღერად რჩება. 

კომენტარები