ჩინეთი

"ძირს სი ძინფინგი, ძირს კომუნისტური პარტია" – ჩინეთში კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ

მას შემდეგ, რაც ურუმჩის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტი გაძლიერდა, რადგან ხანძრის მიზეზად, პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი, ლოკდაუნს მიიჩნევს. 

შანხაიში, უცხოელი ჟურნალისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ათასობით ადამიანი მსხვერპლთა მოსახსენიებლად და კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ასობით მათგანი კი პრეზიდენტ სი ძინფინგის გადადგომას მოითხოვს.

ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ხანძრის მიზეზი ლოკდაუნი იყო. თუმცა ურუმჩის წარმომადგენლობამ უჩვეულო ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არ დარჩებოდა ისინი, ვინც პასუხისმგებლობას თავი აარიდა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ადამიანები, რომლებიც დაღუპულებისთვის ანთებენ სანთლებს და აწყობენ ყვავილებს. პარალელურად კი ისმის ხმა - "ძირს სი ძინფინგი, ძირს კომუნისტური პარტია". 

ასეთი მოთხოვნები უჩვეულოა ჩინეთისთვის, სადაც მთავრობისა და პრეზიდენტის ნებისმიერმა პირდაპირმა კრიტიკამ შეიძლება მკაცრი ზომები გამოიწვიოს. 

კომენტარები