მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

საგამოძიებო სამსახური: სააკაშვილმა ფრჩხილისა და თმის ნიმუშების აღებაზეც უარი გვითხრა

მიხეილ სააკაშვილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებაზეც უარი მიიღეს. საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე, საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბატონი სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. 

გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. რა დროსაც ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.

საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღიად და გამჭირვალედ აგრძელებს გამოძიებას და გააკეთებს ყველაფერს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ყველა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ქონდეთ წვდომა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები