ისრაელის კომუნიკაციის მინისტრის, შლომო კარჰიმის თქმით, არ არსებობს საჭიროება, მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას ისრაელში. მან დამატებით აღნიშნა, რომ აპირებს Kan-ი მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად დახუროს.
"ჩემი აზრით, დღეს, მაშინ როდესაც არსებობს არჩევანის ფართო სპექტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ადგილი არ არის". - განმარტა მინისტრმა.
რაიხმანის უნივერსიტეტში DIGIT 2023-ის ციფრული ჟურნალისტიკის კონფერენციაზე საუბრისას კარჰიმ აღნიშნა, რომ თავისუფალი ბაზრის დასაცავად ლიკუდის პარტიის პოლიტიკა ინდუსტრიაში "დაბრკოლებებისა და რეგულირების მოხსნაა".
"ვფიქრობ, მედია მემარცხენეების მიმართ ზედმეტადაა მიკერძოებული, შესაძლოა ვცდებოდე. თუმცა, მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს". - აღნიშნა კარჰიმ.
კარჰის გამოსვლისას აუდიტორიაში ისმოდა შეძახილი: "არ არსებობს დემოკრატია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე".
კარჰის მტკიცებით, Kan-ის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ორგანოებს შორისაა, რომლებიც აკონტროლებენ სიტყვას და, მეტიც, "კარგავენ კავშირს საზოგადოებასა და მედიას შორის".
"ბევრი ცვლილება იგეგმება". - აღნიშნა კარჰიმ და ბიუჯეტის მომავალ კვირას წარდგენა დააანანონსა.
ლიკუდის პარტიას, რომელსაც პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, დიდი ხანია ადანაშაულებენ, რომ Kan-ის დახურვა სურს.
2017 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებამ კოალიცია ლამის დაშალა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი ამბების დეპარტამენტის დახურვამ ნეთანიაჰუს ამჟამინდელ მემარჯვენე-რელიგიურ მთავრობაში წინააღმდეგობა გამოიწვიოს.