NDI-ს კვლევა

NDI: ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 18%-ს, ყოველ მეხუთე მოქალაქეს, ოჯახისთვის სამყოფი საჭმლის ფული არ აქვს. ყველაზე მეტს, 36%-ს აქვს ფული კვებისა და საჭმლისთვის, თუმცა არ აქვს საშუალება შიეიძინოს ძვირადღებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ყველაზე ცოტას, მხოლოდ 2%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რას ოჯახისთვის სჭირდება. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. 37%-ს იგივე ფინანსური შესაძლებლობა აქვს, 39%-ს ნაკლები, 22%-ს კი მეტი. 

მოსახლეობის 43% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია. 55%-ის თქმით, ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. 

მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა ფასების მომატებაზე წუხს - 77% ამბობს, რომ ფასების მომატება ძალიან აწუხებს, 21% კი ამბობს, რომ აწუხებს.  

კითხვაზე - "როგორ ფიქრობთ, ფასების ზრდა უფრო მეტად საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია თუ უფრო მეტად ისეთი ფაქტორების, რომლების საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმაა?" 38% პასუხობს, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგია, 31%-ის აზრით, მის კონტროლს მიღმა არსებული ფაქტორების, 16% ორივეს ასახელებს, 15%-მა არ იცის. 

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა, 48% საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად მხოლოდ 6% აფასებს, საშუალოდ კი 44%. 6%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, 2%-მა კი არ იცის. საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისშ მცხოვრები ადამიანები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ.

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ  ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები