აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

განათლების სამინისტრო: აქციაში მონაწილე სტუდენტები სამინისტროში არ დაგვიბარებია

პირველი არხი

განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაში მონაწილე სტუდენტები მათ უწყებაში არ დაუბარებიათ. სამინისტროში ამბობენ, რომ სტუდენტებმა განათლების მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვეს.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე. პირველ რიგში, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა. შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის, ლუკა შველიძის თქმით, მას განათლების მინისტრის მოადგილემ, ნანუკა მიცკევიჩმა უთხრა, რომ ის 14 მარტს, 14:00 საათზე სამინისტროში იყო დაბარებული. სტუდენტი ასევე ამბობს, რომ მას და სხვა სტუდენტების ნაწილს სამინისტროში დაბარებითა და ჩივილით დაემუქრა უნივერსიტეტის ლექტორი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, რომელსაც სტუდენტების ნაწილი 13 მარტს აუდიტორიასთან ბანერებითა და შეძახილებით, "რუსო, რუსო" დახვდა.

"ბატონი ელიზბარი გვეუბნებოდა იმას, რომ იქ დაგვიბარებდნენ, სადაც საჭირო იქნებოდა. მისივე თქმით, გვიჩიოდა უსაფუძვლო, სისხლის სამართლის კოდექსის 168-ე მუხლით, რომელშიც წერია, რომ სამსახურეობრივ მოვალეობაში ხელის შეშლა ისჯება [...] ნანუკა მიცკევიჩმა მითხრა, რომ ჩემზე საშვი იყო დაშვებული და განათლების სამინისტროში დაბარებული ვიყავი". - თქვა ლუკა შველიძემ ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.

თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ლექტორი, ელიზბარ ელიზბარაშვილი ახალგაზრდებს ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. 

კომენტარები