შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის ცნობით, ბანკს პირველ კვარტალში 61 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის აქტივების გადინება ჰქონდა. Credit Suisse-ის ინფორმაციით, ბანკიდან აქტივების გადინება გრძელდება მას შემდეგაც, რაც გასულ თვეს გაკოტრების გამოცხადების შემდეგ ის UBS-მა შეისყიდა.
"გადინებები შემცირდა, თუმცა 2023 წლის 24 აპრილის მდგომარეობით სიტუაცია მნიშვნელოვნად ჯერ არ შეცვლილა". - აცხადებს Credit Suisse-ი.
ბანკის ინფორმაციით, შემცირდა ნაღდი ფულის დეპოზიტებიც. ასევე, ხშირად კლიენტები ვადის გასვლის შემდეგ მას აღარ ანახლებენ. ჯამში, 2023 წლის პირველ კვარტალში კლიენტების დეპოზიტები 67 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით შემცირდა.
ასევე, Credit Suisse-ის დაგროვილი ქონების მართვის განყოფილების მიერ მართულმა აქტივებმა მარტის ბოლოს 502.5 მილიარდი ფრანკი შეადგინა, როცა წინა წლის ამავე პერიოდში ის 707 მილიარდს აღწევდა.
კლიენტებმა სწრაფად დაიწყეს ფულის გამოტანა Credit Suisse-დან მას შემდეგ, რაც ის ბაზრის არეულობაში მოექცა, რომელიც აშშ-ის კრედიტორების, Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის გაკოტრების შედეგად წარმოიშვა.
შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა.
გარიგების ფარგლებში, UBS-მა Credit Suisse-ს 3 მილიარდი შვეიცარიულ ფრანკი ($3.25 მილიარდი) გადაუხადა, რაც დაახლოებით 60%-ით ნაკლებია, ვიდრე ბანკის ღირებულება 17 მარტს, ბაზრების დახურვის შემდგომი მდგომარეობით იყო. ამასთან, ტრანზაქციის პირობებში, UBS-მა შვეიცარიის მთავრობისგან გარანტიები მიიღო, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი ბანკის ყიდვით არ იზარალებდა.
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები