საქართველოს მთავრობა

მთავრობა: პრემიერის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. განცხადების მიხედვით, სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. 

"საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწასთან დაკავშირებით. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობისა და მიგრაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროსა და განათლების მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე". - წერია განცხადებაში.

სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდება პაკეტი, რომელიც მომდევნო სხდომაზე განსახილველად იქნება წარმოდგენილი. 

"საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა დღეს. წარმოდგენილი იქნა ის ძირითადი ტენდენციები, რაც აღინიშნება დემოგრაფიული კუთხით და ასევე ინიციატივები, რაც უკვე მიმდინარეობს ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით. ვიმსჯელეთ საჭირო გაუმჯობესებებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და იმ აუცილებელ ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას მომავალში. შედგა შეთანხმება, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად". - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირაკლი აფხაიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები