ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

მარაბდა-კარწახის რკინიგზა: სამუშაოებს აზერბაიჯანის 1 მოქალაქე ემსხვერპლა, 1 – დაშავდა

BTK Railway/Facebook

შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ცნობით, მარაბდა-ახალქალაქის მშენებარე სარკინიგზო მონაკვეთზე, გენერალური კონტრაქტორი კომპანიის დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, კომპანიის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. 

მარაბდა-კარწახის რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორივე მათგანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ხოლო მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს. 

"წალკა-თრიალეთის სამშენებლო მონაკვეთზე დაზიანებულია სამშენებლო მოძრავი შემადგენლობა - სარელსო ტექნიკა". - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

გარდა ამისა, როგორც მარაბდა-კარწახის რკინიგზა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, 15 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთი სამატარებლო მიმოსვლისთვის დაკეტილია. 

როგორც ტაბულას საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, ქართულმა მხარემ სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან ცნობა მალევე მიიღო

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, "მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე, მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის,"დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა.

მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა". - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს გახსნილ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში დამატებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდებოდა, ხოლო მისი გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. 

საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა. 

კომენტარები