მექსიკა

45 ჩანთაში ნაპოვნი სხეულის ნაწილები დაკარგულ 7 ახალგაზრდას ეკუთვნის - მექსიკა

Ulises Ruiz/AFP/Getty Images

ხალისკოს სასამართლო მეცნიერებების ინსტიტუტის (IJCF) თქმით, გასულ კვირაში მექსიკის ქალაქ გვადალახარას გარეუბანში, 40 მეტრის სიღრმის ხევში 45 ჩანთაში ნაპოვნ სხეულის ნაწილებზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ისინი მაისის ბოლოს დაკარგულ ერთ-ერთი ქოლცენტრის თანამშრომლებს ეკუთვნით.

ქოლცენტრის შვიდი თანამშრომელი გვადალახარას ერთ-ერთი რაიონიდან 20 მაისის შემდეგ გაუჩინარდა, გასულ კვირაში კი მათი სხეულის ნაწილებით სავსე ჩანთები ქალაქის გარეუბანში, ზაპოპანის მუნიციპალიტეტში იპოვეს.

ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ იყო თუ არა ჩანთებში შვიდივე დაკარგული ახალგაზრდას სხეულის ნაწილები.

ქალაქ მეხიკოს უსაფრთხოების მდივნის, როზა ისელა როდრიგეზ ველასკესის თქმით, პირველადი გამოძიებით ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარკვეულ თაღლითობებსა და სატელეფონო გამოძალვაში იყვნენ ჩართულები.

ოფიციალური მონაცემებით, ხალისკოს შტატში 2018 წლის შემდეგ 1500-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. თავად ქალაქი გვადალახარა კი ხალისკოს ახალი თაობის კარტელის (CJNG) აკვნადაა მიჩნეული.

კომენტარები