საქართველოს ეროვნული ბანკი

"პარლამენტი ვეტოს დაძლევს" - მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიმდინარე კვირაში დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც მან ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს დაადო.

მდინარაძე ამბობს, რომ მათი და სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს შორის ერთადერთი სხვაობა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა და ამიტომ ამასთან დაკავშირებით ყველა კრიტიკა "სუბიექტური" მიაჩნიათ.

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად. კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართლა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის ხოლმე საუბარი - დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული. საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ.

აქვე, უნდა დავძინოთ, რომ ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტის საკითხი, სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის და ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ, საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს". - თქვა მან.

2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან, მისი შეფასებით, "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!".

ზურაბიშვილმა მაშინ თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესში პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად მუშაობს. პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცეპრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

კომენტარები