გაფიცული მაღაროელები ჭიათურაში

10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო – ჭიათურაში საპროტესტო აქციები გრძელდება

შვიდდღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მათი თქმით, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დათმობაზე არ წავიდა და პროტესტის უკიდურეს ფორმას ამის შემდეგ მიმართეს. 

"პროტესტის მერვე დღეა - ვშიმშილობთ ათი კაცი. გუშინ საღამოს მივიღეთ შიმშილობის გადაწყვეტილება,იმიტომ, რომ ჩვენი მინიმალური მოთხოვნები საერთოდ გულთან არ მიიტანეს. საერთოდ არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ამიტომ მივმართეთ უკიდურეს ფორმას".- ამბობს ერთერთი მაღაროელი. 

მერვე დღეა 3000-მდე გაფიცული თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს. მათ ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. მაღაროელები ამბობენ, რომ მუხტი არ დაეცემა და შეკრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

"რა თქმა უნდა, მესმის მედიატორის როლი. მესმის ჩვენი მოთხოვნები და ამიტომ, რაღაც დათმობებზე ვიცით, რომ ჩვენც მოგვიწევს წასვლა, მაგრამ არა ისეთზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს კომპანია".- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები და მაღაროელები გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნები ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების დაცვაა.

კომენტარები