დაკარგული მოზარდი

"სიცრუეა, თითქოს ტელეფონი დაკარგა და ეჩხუბნენ" – 11 წლის მარიამის დედის განცხადება

გუშინ, 16 ივნისს დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის დედა, მარინა ვაშალომიძე განცხადებას ავრცელებს. მოზარდი ღამით დასახმარებლად გასულმა მოქალაქეებმა და ძაღლმა იპოვეს.  

როგორც დედა წერს, მოზარდი დაიმალა და მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა. 

მშობლის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მარიამმა ძვირადღირებული ტელეფონი დაკარგა და ამის გამო ეჩხუბნენ. მისივე სიტყვებით, მუშაობენ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, რათა იპოვონ მიზეზები და საუკეთესო გამოსავალი. 

ჩვენი მარიამი კარგადაა! სახლშია, მშობლებთან და საკუთარ და-ძმასთან ერთად! მადლობა უფალს!

მადლობა თქვენ, კეთილო ადამიანებო, ვინც გულთან ასე მიიტანეთ ჩვენი ოჯახის ამბავი!

მესმის, ძალიან დიდია დაინტერესება თუ რა მოხდა, რა გახდა მიზეზი, რომ ბავშვი დაიმალა და მისი მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა. მარიამი იზრდება სიყვარულით სავსე ოჯახში, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ძვირად ღირებული მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ, (მობილური ნამდვილად დარჩა ეზოში, რომლის ღირებულებაც 40 ლარს არ აღემატება) მსგავსი თემა არასდროს ყოფილა ოჯახში კონფლიქტის საბაბი.

ამ დრომდე ჩვენთვისაც უცნობია, რა გახდა რეალურად მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

მარიამს ძალიან უყვარს ცხოველები, გუშინწინ მოუკვდა ბარტყი, რომელსაც ძალიან უვლიდა და ეს მისთვის საკმაოდ სტრესული ემოცია იყო.

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუშაობთ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, მარიამთან ერთად ვიპოვით მიზეზებს და საუკეთესო გამოსავალს.

მადლიერი ვარ და მიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იდექით, დიდი თუ პატარა, მაშველი თუ პოლიციელი, ჩინოსანი თუ უბრალოდ გულანთებული ადამიანი! კინოლოგების ძაღლი, რომელმაც კვალზეც გაგვიყვანა!

ბიჭები, რომლებმაც ჩვენი გოგონა იპოვნეს!

ამ ჯადოსნურ ღამეს უბანში არ დარჩენილა არცერთი ბუჩქი, ხის ძირი და კუთხე- კუნჭული,, რომელსაც ციცინათელები არ ანათებდნენ.

მადლობა ამ ერთობისთვის და სიყვარულისთვის!

მადლობა დიდ დიღომს და მთელ თბილისს გვერდში დგომისთვის!

კომენტარები