პრიგოჟინის ამბოხება

ვაფრთხილებთ დასავლეთის ქვეყნებს, არ გამოიყენონ შიდა რუსული ვითარება – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "შეიარაღებული ამბოხის მცდელობა მტკიცედ უარყოფილია რუსული საზოგადოების მიერ. განცხადების მიხედვითვე, რუსული საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. 

"შეთქმულთა უგუნური მისწრაფებები არსებითად მიზნად ისახავს რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ჩვენი ერთიანობის განადგურებას და რუსეთის ფედერაციის ძალისხმევის შელახვას საერთაშორისო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველყოფისკენ. ამიტომ, ამბოხება რუსეთის გარე მტრების ხელშია.

ჩვენ ვაფრთხილებთ დასავლეთის ქვეყნებს, არ გამოიყენონ შიდა რუსული ვითარება თავიანთი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად. ასეთი მცდელობები უშედეგოა და ვერ იპოვის პასუხს ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ გონიერ პოლიტიკურ ძალებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს საუკუნოვანი სიბრძნის შესაფერისად. სპეცოპერაციის ყველა მიზანი და ამოცანები შესრულდება". - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, "რუსეთი გააგრძელებს თავის სუვერენულ კურსს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დაიცვას თავისი ღირებულებები, გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და დაამყაროს სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი".

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები