საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით

რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ მოსახელობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და წერს, რომ "საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით".

"ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს, სიკეთის გამარჯვების, ურთიერთპატივისცემის, სიკეთის ზეიმის დღეს.

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და ასე იქნება მუდამ. ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მუსლიმს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს". – წერს ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრის მიერ რელიგიების მიმართ პატივისცემაზე საუბრის პარალელურად, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმე კვლავ აქტუალური და პრობლემურია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. მეჩეთის მშენებლობის კანონიერი მოთხოვნა მუსლიმი მოსახლეობის მრავალწლიანი საჭიროებიდან გამომდინარეობს და ამ დრომდე გადაუჭრელ საკითხად დგას.

ამასთან, კვლავ მოუგვარებელია რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემა, რის გამოც მაისში კათოლიკე მრევლს სოფელ ბუზმარეთში საპატრიარქოს წარმომადგენელმა ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება არ მისცა. ეს რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობის და საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სხვა კონფესიების ისტორიული ქონების მისაკუთრების პრაქტიკის მორიგი გამოვლინება იყო.

კომენტარები