ევგენი პრიგოჟინი

სამხედრო არეულობის შემდეგ პრიგოჟინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვის დატოვების დროს, 24 ივნისი, 2023 წელი.

19 ივლისს ვაგნერის მეთაურების Telegram არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთში მოწყობილი სამხედრო არეულობის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

გავრცელებულ ვიდეოში ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და ვაგნერის მებრძოლებს მიმართავს.

"მოგესალმებით, ბიჭებო! მიხარია რომ გესალმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბელარუსის მიწაზე! ჩვენ ვიბრძოლეთ ღირსებით! რუსეთისთვის ძალიან ბევრი გავაკეთეთ. რაც ახლა ფრონტზე ხდება არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც შევძლებთ საკუთარი თავის სრული პროგრამით წარმოჩენას.

ამიტომ, გარკვეული დროით ჩვენი ბელარუსში განთავსების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარწმუნებული ვარ, ამ დროის განმავლობაში ბელარუსის არმიას ვაქცევთ მსოფლიოში რიგით მეორე არმიად. და თუ საჭირო იქნება, ჩვენ მათ დავიცავთ.

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მიაქციოთ ყურადღება ფაქტს, რომ ბელარუსებმა მიგვიღეს არა მარტო როგორც გმირები, არამედ როგორც ძმები. ამბობენ, რომ ადგილობრივი გოგოები მაღაზიებში ვნებით ატაცებულები ჩურჩულებენ, რომ ვაგნერელები მოვიდნენ. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ მათგან არავის აწყენინოთ, ამიტომ მათაც ძმურად ვუდგებით.

შემდეგ ვემზადებით დონის ამაღლებით და ახალ გზაზე, აფრიკაში და შეიძლება დავბრუნდეთ (უკრაინაში) იმ მომენტიდან, როდესაც დავრწმუნდებით, რომ არ დაგვაძალებენ თავი და ჩვენი გამოცდილება შევირცხვინოთ". - ამბობს ის.

შემდეგ პრიგოჟინმა, ვაგნერის დროშა ბელარუსის და რუსეთის დროშების ლენტებთან ერთად ერთ-ერთ სამხედროს გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ბელარუსში დაჯგუფების ხელმძღვანელი იქნება.

თავისი გამოსვლის დასრულების შემდეგ პრიგოჟინმა სიტყვა გადასცა ვაგნერის მეთაურს, დმიტრი უტკინს, რომლის ზედმეტსახელსაც ატარებს კერძო სამხედრო კომპანია. მან ვაგნერელებს მიმართავ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

გავრცელებული ვიდეო დაბალი ხარისხისაა და მცირედ განათებულ ადგილასაა გადაღებული, თუმცა დიდი ალბათობით ვიდეოში ნამდვილად ევგენი პრიგოჟინი ჩანს.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

პრიგოჟინი, ვაგნერის სამხედრო მეთაურებთან ერთად, 29 ივნისს ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა.

კომენტარები