მკვლელობა ქობულეთში

ბათუმელები: 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოთი გამოუშვეს

გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი, იგივე მამა იობი სასამართლომ 15 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავებიან, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ.

დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირისგან განსხვავებით". - წერს ბათუმელები.

მიმდინარე წლის 18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გიორგი ალხანიშვილი მეგობრის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დაზიანებების შედეგად, გიორგი ალხანიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები