ვარკეთილის მეტრო

"ვარკეთილის მეტროსადგურის დროებით ჩაკეტვა არ დაგვჭირდება" – კახა კალაძე

ტაბულა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიას ვარკეთილის მეტროსადგურის ჩაკეტვა არ დასჭირდება - მისივე ინფორმაციით, მეტროსადგური მგზავრებს მუშაობის მიმდინარეობის პარალელურად მოემსახურება.  

"დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით ჩაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე ჩატარდება და განხორციელდება სამუშაოები. მინდა მოგაწოდოთ ასევე ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და, გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში. 

ამ ეტაპზე, სამშენელო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გეტყვით - შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, მეტროსადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად, მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სივრცეების სარემონტო სამუშაოები, განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.  

უახლოეს პერიოდში, მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები - ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და ფილების მონტაჟი. სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დროებით დახურვას და ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც წარიმართება უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები, თუმცა ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით". - ამბობს კახა კალაძე.  


1-ელ თებერვალს კალაძემ თქვა, რომ ვარკეთილის მეტრო რეაბილიტაციის მიზნით ზაფხულში 2 თვით დაიკეტებოდა.  

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 9 თებერვალს უნდა დაიწყოს და 18 თვეში უნდა დაასრულოს. 

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 

კომენტარები