საქართველო-ჩინეთი

სიჩუანის პროვინციასა და აჭარას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩინეთში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, ჰუან ციანმა მოაწერეს.

“ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა, სადაც მათ ისაუბრეს საქართველოს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

ჰუან ციანმა მინისტს გააცნო სიჩუანის რეგიონი და მისი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მწვანე ენერგიის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურისტული პოტენციალის ა.შ. მან გამოთქვა მზადყოფნა სიჩუანში უმასპინძლოს მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოდან, რათა შედგეს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჩინეთისა და საქართველოს ცალკეულ მხარეებს შორის

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა აამოქმედონ”. - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. ასევე, იგი პეკინში ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურის გახსნას დაესწრო. 

ღარიბაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან შეხვედრისას თქვა, რომ "საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს", ხოლო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები "სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა".

კომენტარები