საქართველო-ყაზახეთი

ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერმინისტრს, ალიხან სმაილოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ყაზახეთის პრემიერმინისტრის, ალიხან სმაილოვის შეხვედრა
საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთში ვიზიტით მყოფი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრს, ალიხან სმაილოვს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული "მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები" და ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს "შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე".

"რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ დერეფნის განვითარებისთვის.

ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ, და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც არის ახლა". - თქვა შეხვედრაზე ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე ყაზახეთის პრემიერმინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებების რეალიზებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ.

"საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე. და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს.

ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიკური განვითარება ყველა სფეროში”. - თქვა სმაილოვმა.

ღარიბაშვილი ჩინეთიდან ყაზახეთში დღეს, 1 აგვისტოს გაემგზავრა.

კომენტარები