საგანგებო სიტუაცია

ჰავაიზე გაჩენილი ხანძრების გამო მთავრობამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

Matthew Thayer / AP

ჰავაიზე გაჩენილმა ხანძრებმა, რომელსაც თან ძლიერი ქარი ახლავს, კუნძულის ტყეების დიდი ნაწილი მოიცვა. ამის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 

ჰავაის ვიცე-გუბერნატორმა, სილვია ლუკმა, მაუიზე გაჩენილ ტყის ხანძრებს უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ შტატი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას. მან თეთრ სახლს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

როგორც სილვია ლუკი CNN-თან საუბრისას აღნიშნავს, კუნძულის საავადმყოფოები გადატვირთულია დამწვრობითა და კვამლის ინჰალაციისგან დასუსტებული პაციენტებით. დაშავებულთა მოვლას დაწესებულებებში მათ გადანაწილებასთან დაკავშირებული სირთულეები აფერხებს. ამასთან, ხელისუფლებას უჭირს ტყის ხანძრის შედეგად მოწყვეტილ ტერიტორიებთან კომუნიკაცია და ევაკუაციის კოორდინირება.

"911 გათიშულია. მობილურის სერვისი გათიშულია. ტელეფონის სერვისი გათიშულია. ეს პრობლემების ნაწილია. მაუის ოლქმა ვერ შეძლო დასავლეთის, ლაჰაინას მხარის მცხოვრებლებთან კომუნიკაცია."- აღნიშნა ლუკმა.

ჰავაის განათლების დეპარტამენტის ცნობით, მაუის ათი საჯარო სკოლა დღეს, 9 აგვისტოს, ხანძრის და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული საშიში პირობების გამო დაიხურება. რამდენიმე მათგანი გუშინ უკვე დაიხურა. სკოლები ევაკუირებული ადამიანებისთვის თავშესაფრებად გამოიყენება. 

მაღალჩინოსნები ადგილობრივებისა და ტურისტების სხვა კუნძულზე ევაკუაციისთვის მუშაობენ.

კომენტარები