საქართველო-ჩინეთი

პრემიერი: ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ავამოქმედეთ, განკარგულებას ხელს მოვაწერ

საქართველოს მთავრობა

11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განკარგულებას ხელს სწორედ დღეს მოაწერს.

"ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5 მილიარდი. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.

იცით, რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების ერთერთი მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. 

მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ჩინეთის მთავრობის "ეფექტურობას" გაუსვა ხაზი.

"სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრის დელეგაცია ჩამოვიდა კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან, ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს, არამარტო ჩინეთიდან, არამედ, სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან რომ ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთიდღეოდ კეთდება" - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები