საქართველო-ჩინეთი

მინისტრი: შეიძლება, დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან ჩვენი სამიზნე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, პრემიერმინისტრის ჩინეთში ვიზიტი ისტორიული იყო და ტურისტული სექტორი ერთერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს მთავრობა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს ხედავს. დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "ალბათ, ჩინეთი ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია" მსოფლიოში. 

"ჩვენ მოკლე საგზაო რუკა დავისახეთ. ამ გზაზე ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ტურისტებისთვის სავიზო ბარიერის მოხსნა, შემდეგ, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებადობის საკითხი და ამაზეც პრემიერმაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, გვქონდა უკვე ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან საუბარი პირდაპირი ფრენების ზრდაზე და სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე

ჩვენ მივიღეთ შეთანხმება პირველ ეტაპზე, რომ დღეში მინიმუმ ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა, ეს არაა საკმარისი, ჩვენი ამბიცია ცოტა მეტია, პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომლიც უკვე შესამჩნევი ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით" - თქვა დავითაშვილმა.


11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განკარგულებას ხელს სწორედ დღეს მოაწერს და ეს იქნება "ძალიან მნიშვნელოვანი და წამახალისებელი", რათა კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოვიდეს საქართველოში.

"მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ჩინეთის მთავრობის "ეფექტურობას" გაუსვა ხაზი.

"სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრის დელეგაცია ჩამოვიდა კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან, ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს, არამარტო ჩინეთიდან, არამედ, სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან რომ ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთიდღეოდ კეთდება" - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები