სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: რაც იქნება, იქნება – ყველაფერი კარგად იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"რაც იქნება, იქნება - ყველაფერი კარგად იქნება" ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, რომ ხვალ, 4 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდეს და საბოლოო სიტყვა თქვას.

ჟურნალისტის კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ინტერესების დასაცავად არჩევანი თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილზე რატომ გააკეთა, პრეზიდენტმა უპასუხა - "ალბათ, კარგი არჩევანია".

ჟურნალისტის სხვა კითხვებზე პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია.


საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა თავად გაავრცელა.

მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თამარ ჩუგოშვილი კი - საიას ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.

სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ სარჩელის არსებით განხილვას დღეს, 3 ოქტომბერს არ ესწრება, თუმცა, მან ბელგიის მეფეს ღონისძიებაზე ჩასვლის უარის ერთერთ მიზეზად სწორედ წარდგინების განხილვა დაუსახელა.

განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით გაიმართება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაწერა, " წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით".

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.                             

კომენტარები