აშშ-თურქეთი

WSJ: ჩრდილოეთ სირიაში ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა თურქული დრონი გაანადგურა

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo 

The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, F-16 ტიპის ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩრდილოეთ სირიაში თურქული დრონი გაანადგურა.

ბოლო დღეების მანძილზე, თურქეთმა მრავალი საჰაერო იერიში მიიტანა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთმა დანაყოფმა 1 ოქტომბერს, ანკარაში მომხდარ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქული დრონი საფრთხეს უქმნიდა ჩრდილოეთ სირიაში განლაგებულ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც სამხედრო ოპერაციის ჩატარების პროცესში იყო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ განადგურებული დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა.

5 ოქტომბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) 58 ობიექტზე იერიში მიიტანეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რიგით მესამე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში საჰაერო დარტყმები განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ხუთ სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ ობიექტებზე. უწყება აღნიშნავს, რომ იერიშის შედეგად "განეიტრალებულია ქურთისტანის მუშათა პარტიის ბევრი მებრძოლი".

4 ოქტომბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში მდებარე ყველა ობიექტი, რომელიც  ქურთისტანის მუშათა პარტიას ან სირიაში მოქმედ სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) ეკუთვნის თურქეთის "ლეგიტიმური სამიზნეა".

თურქული მედიის ცნობით, 5 ოქტომბერს ანკარაში ერაყის თავდაცვის მინისტრი, ტაბეტ ალ-აბასი ჩავა და თურქ კოლეგას, იასარ გულერს შეხვდება.


1 ოქტომბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა დანაყოფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" აიღო

დანაყოფი თურქეთის ხელისუფლებას ციხეებში ქურთების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და ქურთებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თუ თურქეთის მთავრობა მსგავს მოპყრობას არ შეწყვეტს, მოქმედებები "რევოლუციური სამართლიანობის" გაგებით გაგრძელდება.

კომენტარები