აშშ-თურქეთი

Reuters: ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცონ

თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ები

Reuters-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის წარმომადგენლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საუბრობდა საკუთარ გეგმაზე, რომ F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვის პროცესის დაწყება სურს მას შემდეგ, რაც ანკარა NATO-ში შვედეთის შესვლის მხარდაჭერის პროცესს სრულად დაასრულებს.

მედიასააგენტოს წყაროს ცნობით, წერილში, რომლითაც ბაიდენმა სენატის საგარეო ურთიერთობებისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებს მიმართა, ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რომ ავიაგამანადგურებლების მიყიდვის შეთანხმება "დაუყოვნებლივ" დაამტკიცონ.

ამას გარდა, Reuters-თან წყაროებმა თქვეს, რომ თეთრმა სახლმა კონგრესს წერილი 24 იანვარს მისწერა. საქმე ეხება 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ებსა და თურქეთის მფლობელობაში უკვე არსებული ამ ტიპის ავიაგამანდგურებლების განახლების პაკეტს.

თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს შვედეთის NATO-ში შესვლის რატიფიცირება მოახდინა, პროცესის დაწყებიდან 20 თვის შემდეგ. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანკარას მოუწოდა რომ შვედეთის NATO-ში შესვლის მხარდაჭერის ფორმალური ნაწილი დაასრულონ. ამისთვის საჭიროა, რომ შესაბამის კანონპროექტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

2021 წლის ოქრომბერში თურქეთმა ითხოვა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ისა და მოდერნიზაციის 80 პაკეტის შეძენა. შეიარაღების მიყიდვა უცხო ქვეყნისთვის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ერდოღანის ხისტი საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ს საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების გამო შეთანხმება საკანონმდებლო ორგანოში არ დაამტკიცეს.

კომენტარები