სირია

სირიაში სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, ქალაქ ჰომსში სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სამხედრო აკადემიის გამოსაშვები ცერემონიის დროს მოხდა, რომელსაც სამხედრო კურსდამთავრებულების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

სირიის არმია თავდასხმაში "ცნობილი საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერის ტერორისტულ დაჯგუფებებს" ადანაშაულებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ქალაქ ჰომსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან განხორციელდა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკირვებლო ორგანიზაციის ცნობით, ცერემონიას სირიის თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა, რომელმაც ტერიტორია თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

კომენტარები