ოკუპირებული აფხაზეთი

პრეზიდენტი ოჩამჩირის ბაზაზე: დიდი ნაღმია უსაფრთხოებისა და ევროპული გზისთვის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში განთავსდება. ზურაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთელ რეგიონს უქმნის.

"რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება, სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა - ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით, რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. 

საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, მყისიერი რეაგირება მოახდინონ". - სალომე ზურაბიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კომენტარები