UEFA

UEFA რუსეთის 17 წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე არ დაუშვებს

Sport 24

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება გადაიფიქრა. 

სექტემბერის ბოლოს UEFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები ტურნირებზე დაუშვა. ასოციაციის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა ინგლისი, პოლონეთი, შვედეთი, დანია, ლატვია, ლიტვა და ნორვეგია. ქვეყნების ასოციაციებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ნაკრებს არ ეთამაშებიან. UEFA გადაწყვეტილება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებისგან წამოსული წნეხის გამო შეცვალა.

თამაშებზე დაშვების შემთხვევაში რუსეთის ნაკრებები არ ითამაშებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე თამაშის დროს აკრძალული ექნებოდათ დროშის, ჰიმნის და ეროვნული ფორმის გამოყენება.

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებისთვის შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება FIFA-მაც მიიღო.

რუსი სპორტსმენები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ წამყვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან მოხსნეს. 

მიმდინარე წლის მარტში ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა დაეშვათ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე იმ შემთხვევაში თუ მონაწილეები ღიად არ უჭერენ ომს მხარს ან რამე ფორმით არ არიან კავშირში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. კომიტეტის რეკომენდაციას უკრაინაში და სხვა ქვეყნებში კრიტიკით შეხვდნენ. დღეის მდგომარეობით რუსეთი და ბელარუს 2024 წლის ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.

კომენტარები