კანიბალიზმი

კვლევა: 15 000 წლის წინ კანიბალიზმი დაკრძალვის ჩამნაცვლებლად გამოიყენებოდა

ახალი კვლევის მიხედვით, დაახლოებით 15 000 წლის წინ ევროპის ტერიტორიაზე ადამიანები ახლობლების გვამებს ჭამდნენ, არა იმიტომ, რომ იძულებულები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი კულტურის ნაწილს წარმოადგენდა და გარკვეულწილად დაკრძალვის რიტუალს ანაცვლებდა.

კვლევა გვიანდელი ზედა პალეოლითის ხანის მაგდალენურ ეპოქაზე კონცენტრირდება, რაც 11 000 - 17 000 წლის წინ იყო. 

ექსპერტებმა გაანალიზეს მაგდალენური ეპოქის 59 ნამარხი, სადაც ადამიანის ნაშთებია აღმოჩენილი. იმ ნამარხების უმრავლესობაში, რომლებშიც დაკრძალვითი ქცევები შეიძლება ვივარაუდოთ, კანიბალიზმის ნიშნები შეიმჩნევა.

მკვლევართა თქმით, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ნამარხებში ადამიანთა გვამების ჭამის სიხშირე უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ აღნიშნული ქცევა არა საჭიროებიდან გამომდინარე ათვისებული დიეტა, არამედ მაგდალენურ ეპოქაში გავრცელებული დაკრძალვის პრაქტიკა იყო. 

"უდავოა, რომ კანიბალიზმის ფაქტები მაგდალენური ეპოქის ნამარხებში მნიშვნელოვნად უფრო მეტია, ვიდრე ადრინდელი ან გვიანდელი ჰომინინური ჯგუფების შემთხვევაში. შესაბამისად, მაგდალენური ეპოქის ადამიანებისთვის სარიტუალო კანიბალიზმი სავარაუდოდ დაკრძალვის მეთოდს წარმოადგენდა". – წერია კვლევაში.

ამასთან, კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა დაწერა, რომ ხსენებული შემთხვევები სარიტუალო კანიბალიზმის ყველაზე ძველ მაგალითებს წარმოადგენს.

"გვამების დამარხვის მაგივრად, ეს ადამიანები ჭამდნენ მათ…და არა საჭიროებიდან გამომდინარე. მხოლოდ ეს გარემოებაც საინტერესოა, რადგან ეს დაკრძალვითი კანიბალიზმის დღეისთვის ყველაზე ძველი მაგალითია". – თქვა მან.

გენეტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გვამების ჭამის სარიტუალო პრაქტიკა კონკრეტულ კულტურასთან ასოცირდებოდა, რომელთან ახლოს მეორე - ეპიგრავეტული კულტურაც თანაარსებობდა. 

ეპიგრავეტული კულტურის ხალხი დაკრძალვის რიტუალად გვამების ჭამას დამარხვას ამჯობინებდა. მკლევართა აზრით, საბოლოოდ, მოსახლეობათა დიფუზიის შედეგად მაგდალენური კულტურის პრაქტიქა ჩაანაცვლა ეპიგრავეტული კულტურის პრაქტიკით. შესაბამისად - კანიბალიზმი დამარხვით შეიცვალა.

კომენტარები