ფინანსური დანაშაული

საგამოძიებო: 1 630 000 ლარის მითვისებისთვის პირი პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, 1 630 000 ლარის მითვისების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა. უწყების ცნობით, აღნიშნული პიროვნება ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა და კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვა ჰქონდა მინდობილი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი" - წერია ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები