აშშ-საქართველო

პრემიერი აშშ-ზე: უსიამოვნო პრეცედენტები უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ მომავალზე

მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ამერიკის ახალ ელჩთან, ქალბატონ დანიგანთან, პირველი შთაბეჭდილება არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ. მანამდეც ვთქვით, რომ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას.

მე ვფიქრობ, მანამდე რაც იყო ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის, არც საქართველოს ინტერესებს. მე მინდა გამოვთქვა დიდი იმედი, დიდი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის განხორციელებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა, ასე რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ თანამშრომლობას ამერიკის ახალ ელჩთან, მინდა, პირადად მას მადლობა ვუთხრა ასეთი კარგი დასაწყისისთვის. იმედი მაქვს, და მინდა გამოვხატო ჩემი ოპტიმიზმი, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას.

რა თქმა უნდა, ამერიკას ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ამიტომ, ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო თუ რამე ხდებოდა ურთიერთობებში, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე, ეს არის ჩემი სურვილი და ჩვენი, ყველას სურვილი.

უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე დასმულ კითხვაზე.

კომენტარები