საქართველო-ჩინეთი

კალაძე: განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერა

თბილისის მერი კახა კალაძე ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს  შეხვდა. მერიის ცნობით, მხარეებმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობასა და ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაბრეს - მათ შორის, ინვესტიციებზე, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტზე, ტურიზმსა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებზე. 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში განიხილება "თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების" ხელმოწერა.

"ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას. საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების.

2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ" - თქვა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ.

კომენტარები