ბიძინა ივანიშვილი

ქართუ ჯგუფი ტვ პირველის ეთერში ბიძინა ივანიშვილზე გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი

ჯგუფი ქართუ განცხადებას ავრცელებს ტვ პირველზე გასული სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანია Krista Investment Limited-სა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ კვიპროსულ კომპანია Ledra-ს შორის კავშირებზე.

სიუჟეტის მიხედვით, კომპანია Ledra, რომელიც აშშ-მ 2023 წლის აპრილში დაასანქცირა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიას, Krista Investment Limited-ს მართავს.

ამავდროულად, ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, Krista Investment Limited "აგრო ქართუს" მფლობელი კომპანია იყო, თუმცა, Ledra-ს სანქცირების შემდეგ, აღნიშნული კომპანიის მფლობელი, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე გახდა.

ტვ პირველის სიუჟეტს გამოეხმაურა ქართუ ჯგუფი, რომლის მიხედვით, ტყუილია, რომ ივანიშვილს სანქციები ემუქრება, ან რომ მის კომპანიას სანქცირებული Ledra მართავს. ქართუ ჯგუფის განცხადების მიხედვით, Ledra ივანიშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანია Krista Investment Limited-ს მხოლოდ იურიდიულ დახმარებას უწევდა და მასთან მეტი არანაირი კავშირი არ აქვს. 

ქართუ ჯგუფი ასევე აბსურდულს უწოდებს აგრო ქართუს აქტივების გადაცემის დაკავშირებას სანქცირებულ Ledra-სთან.

 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "ნაციონალური მოძრაობის" და ამ პარტიის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მიერ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ უპასუხისმგებლო და ცრუ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ კვიპროსელი იურისტის, ქრისტოდულოს ვასიალიადესის სანქცირების ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას. ქრისტოდულოს ვასილიადესი დასანქცირებამდე თავისი კომპანიის, Ledra-ს მეშვეობით იურიდიულ და სარეგისტრაციო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილის კომპანია Krista-ს. აღნიშნული პიროვნება საკუთარი კომპანიებით ანალოგიურ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში მოქმედ ათასობით ბიზნესსუბიექტს.

აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვასილიადესის დასაქნცირების მიზეზი იყო რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან მისი კავშირი. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სიაში მითითებულია ყველა ის კომპანია და ფიზიკური პირი, რომლის დასანქცირებაც მოხდა, მათ რიცხვში შევიდა ვასილიადესის კომპანია Ledra. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო. მიუხედავად ამისა, TV პირველმა, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წარმოაჩინა სანქცირებულ პირებად. ამავე გადაცემაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ Ledra მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევდა Krista-ს. ამის მიუხედავად, სიცრუის მანქანამ განაგრძო მაყურებელის მიზანმიმართული მოტყუება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების თითქოსდა სანქცირების თაობაზე. ასევე აბსურდულია „აგრო ქართუს“ აქტივების გადაცემის დაკავშირება სანქცირებულ ვასილიადესთან. „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელმაც განახორციელა ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უნიკალური პროექტი და იგი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. დღეს „აგრო ქართუ“ ახორციელებს კიდევ ერთ უნიკალურ და საშვილიშვილო საქმეს, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადარჩენას და შემდგომში მათ ბუნებაში გაშვებას. 2021 წელს კომპანია Krista-მ ეკატერინე ხვედელიძეს გადასცა „აგრო ქართუს“ წილი, ვასილიადესის Ledra-ს სანქცირებამდე ორი წლით ადრე. ამის მიუხედავად, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ეს რაიმე კავშირში იყოს სანქციებთან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. დეზინფორმაციის ეს კამპანია წარმოადგენს დისკრედიტაციის მორიგ, წარუმატებელ და უსუსურ მცდელობას, რითიც TV პირველი და „ნაცმოძრაობის“ სხვა მარგინალური ტელევიზიები ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი, უკვე დიდი ხანია, ისედაც იმყოფება დე ფაქტო ფინანსური სანქციების ქვეშ და მასზე ვერანაირი შანტაჟი ზეგავლენას ვერ მოახდენს". – ვკითხულობთ ჯგუფი ქართუს განცხადებაში.

კომენტარები